თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე, გრემელაშვილის უფლებადამცველმა, ზურაბ ბელთაძემ გრემელაშვილის 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა.
სასამართლო პროცესის დასაწყისში სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, თუმცა ხმაურის გამო ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სახელმწიფო ბრალდება გრემელაშვილს ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ის ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 ივლისს დააკავეს. გრემელაშვილს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.