“მითხრა, პირველად ვარო და არ იცოდა გზა”- შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე საგურამოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

 

შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.

განყოფილებაში იმყოფება პირი, რომელიც კომპანიის მძღოლს გზას ასწავლიდა. რამაზ სებისკვერაძის განცხადებით, გარდაცვლილმა მძღოლმა შატილში მიმავალი გზა არ იცოდა. მისივე ვარაუდით, მიკროავტობუსს მუხრუჭის პრობლემა ჰქონდა.

„ისინი ერთი ტურით იყვნენ, მე მეორე ტურით ვიყავი. ვუთხარი, გამომყევი უკან და როგორც მე ვივლი, ისე იარე-მეთქი, არ გადამასწრო, უკან ჩამოგიყვან, პრობლემა არ გექნება-მეთქი. მითხრა, პირველად ვარო და არ იცოდა გზა. ნორმალურად დადიოდა, პრობლემა არ ჰქონდა. ტორმუზებმა გაუცხელა, მე რომ გამომყოლოდა უკან, არაფერი იქნებოდა. მე ჩამოვდივარ მეორე, პირველი სიჩქარით და ალბათ მესამე სიჩქარით ჩამოდიოდა, შორს იყო ჩამოსული და ეტყობა, ტორმუზება გაუცხელა, მეტი ვერსია რა უნდა იყოს. მე გავჩერდი, სურათების გადაღება უნდოდათ, გზა კარგი იყო. რომ ამბობენ, რატომ გაუშვეს, წვიმა იყოო, ტალახიანი გზა არ ყოფილა, მტვერი ადიოდა. ჩემ წინ წამოვიდა, გაჩერდა და ისევ წამოვიდა. რომ ჩამოვედი, გაჩერებული იყო და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. არაფერი, შიტოკს რაღაცა უჩხიკინებსო. შევეკითხე, ტორმუზებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი, არაო. თუ გაგიცხელა, არ დამიმალო-მეთქი და არა არა, რა ტორმუზი, წადიო. იძახიან, გამოცდილი მძღოლიაო, მე არ შევხვედრივარ“, – განაცხადა რამაზ სებისკვერაძემ.

ტურისტული კომპანია Traveler.ge-ის ხელმძღვანელი, შალვა ბოლოთაშვილი საგურამოს პოლიციის სამმართველოში სამართალდამცავების მიერ განმეორებით გამოიკითხა.

მისი თქმით, მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, მძღოლად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.ამასთან, ბოლოთაშვილი ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გიდთან სატელეფონო საუბარს იხსენებს.

„მიმდინარეობს გამოძიება, სატრანსპორტოს წარმომადგენლები იკითხებიან. 35-წლიანი გამოცდილება აქვს მძღოლს. ნახევარი საათით ადრე, დაახლოებით, 15:45 წუთზე მე ვეკონტაქტე გიდ სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მოდიოდნენ ძალიან წყნარად. ეს ზარი ნამდვილად ფიქსირდება, ამას თვითონ საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ. მე ვესაუბრე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, მანამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონიათ. ვერსიები განიხილება და გამოძიება დასრულდება“, – განაცხადა შალვა ბოლოთაშვილმა.

ცნობისთვის, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს 23 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

დაშავებულები მკურნალობას თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებენ. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

1tv.ge

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები