ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წინასამართლო სხდომა 2020 წლის 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მას შვილთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
“რაც მანდ წერია მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით , იშვიათია, უდედოდ გავზარდე. მე აქეთ მოვკვდები და მაინც შევხვდებით ერთმანეთს, ძმაკაცურად”,- განაცხადა ბრალდებულმა პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობასთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.