ურეკში რამდენიმე უბნის წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად წყალმომარაგება-წაყალარინები პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამჯერად, კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წვერმაღალას, წერეთლის, სანერგეს უბნებისა და მე-13 ქუჩის წყალმომარაგება – კანალიზაციის სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე.
მათივე ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების მიღება 10 სექტემბერს დასრულდება.
“პროექტის სავარაუდო ღირებულება 6,084,315 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს.
დღეის მდგომარეობით, დაბა ურეკის წყალმომარაგების სისტემის უმეტესი ნაწილი რეაბილიტირებულია, თუმცა წვერმაღალას, წერეთლის, სანერგეს უბნებსა და მე-13 ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობს. მოსახლეობის ნაწილს წყალი, მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან, ინდივიდუალურად აქვს გამოყვანილი, რაც სანიტარულ ნორმებსა და წყლის მოხმარების საჭირო მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. დასახლებებში არ არსებობს წყალარინების ქსელიც.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც 1200-მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით ისარგებლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.