შატილში მომხდარ ტრაგედიას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის სამდივნო შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის განცხადებას სუამ-ის სამდივნო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს თავის “ტვიტერის” გვერდზე ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი. “გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსის ავარიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.
შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებს, საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოც. დიპლომატიური კორპუსი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“ტვიტერში” სამძიმრის წერილს აქვეყნებს ასევე საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომიც. დიპლომატი მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო.
„დღეს თბილისში, ჩვენი საელჩოს თავზე დაშვებულია დროშები, რადგან ვგლოვობთშატილის გზაზე ადამიანების ტრაგიკულ გარდაცვალებას. ჩვენი გულითადი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობას“, – ნათქვამია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ულრიკ ტიდესტრომის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს შატილის გზაზე სოფელ ბისოსთან ავტოსაგზაო შწმთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი – მძიმედ დაშავდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.