ლევან რატიანი: შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მისივე თქმით, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ სამივე პაციენტთან გამოჯანმრთელების პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს.
„სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები სტაბილური ხდება, წინა რამდენიმე საათთან შედარებით.
კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაკეთდა, იქაც არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. აღდგენილია ჰემოდინამიკა ერთ ქალბატონთან. დანარჩენ 2 პაციენტთან ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მაგრამ დოზა მკვეთრად არის შემცირებული დილის საათებთან განსხვავებით.
ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ ვინაიდან უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ. იმის მიუხედავად, რომ უამრავი გართულება შეიძლება წამოვიდეს ამ პაციენტებთან, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყოს რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ,რომ 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი – დაშავდა.
შს სამინისტრომ მოხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.