ლენტეხის მერი: პრობლემები აღმოფხვრილია, შიდა სასოფლო გზები აღდგენილია
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზიანებულ სოფლებთან მისასვლელი გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებული ტექნიკითა და კოორდინირებული მუშაობით, დღეის მდგომარეობით ,სტიქიისგან დაზიანებულ ყველა სოფელთან მისასვლელი გზა რეაბილიტირებულია და გადაადგილება უკვე შესაძლებელი.
„ შიდა სასოფლო გზები აღდგენილია. გზებიც გავხსენით, ამ ეტაპისთვის, პრობლემები აღმოფხვრილია, თუ არ ჩავთვლით დურაშის შიდა სასოფლო ხიდს, რომლის აღსადგენად ამ წუთებშიც სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს საათებში დამთავრდება. თუმცა, სოფელ დურაშთან ალტერნატიული შემოვლითი გზა გავაკეთეთ და ამ სოფლის მოსახლეობას გადაადგილება ამ მონაკვეთითაც შეუძლია“,-განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხში მოსულმა უხვმა ნალექმა 5 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. ადიდებულმა წყალმა წაიღო შიდა სასოფლო გზები და ხიდები.