მირიან ქათამაძე: სახელმწიფოს მხრიდან არცერთი ადამიანის გამოსახლება არ იგეგმება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ყოფილი თბოელექტროსადგურის შენობაში მცხოვრები თოთხმეტი ოჯახის გამოსახლება არ იგეგმება.
ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას“ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განუცხადა. მერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შენობა გასხვისებულია, მასში თვითნებურად შესახლებული ოჯახები საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩებიან.
,,კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო და ამ ადამიანებთანაც არა ერთხელ მაქვს ეს დადასტურებული- ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ შენობებში შესახლებული ადამიანების გამოსახლება არ იგეგმება. პირადად მქონდა კომუნიკაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან. რაც შეეხება კონკრეტულ შენობას, არის გასხვისებული. მაქსიმალურად არის კომუნიკაცია შესაბამისად ინვესტორთანაც, ინვესტორი შეეცდება იმას, რომ ამ ადამიანებს მოელაპარაკოს მათი ინტერესის გათვალისწინებით. ისინი არ უნდა დარჩნენ ღია ცის ქვეშ, შესაბამისი საცხოვრებელი ფართის გარეშე. შესაბამისად პროცესი, რომელიც ჩემი აზრით, მე მიმაჩნია, რომ მაინც ხელოვნურად არის მართული , ამ ადამიანებს არასწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული. კიდევ ერთხელ ნათლად, დაბეჯითებით, ყველა ამ შენობაში შესახლებული ოჯახის გასაგონად მინდა, დავადასტურო, რომ არცერთი ადამიანის გამოსახლება სახელმწიფოს მხრიდან არ იგეგმება და მე შემიძლია ეს განცხადება საჯაროდ განვაცხადო”, -განაცხადა ქობულეთის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მერიაში დღეს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სოფელ ახალსოფელში, და ქობულეთში, თავისუფლების №19-ში (ყოფილი სტატისტიკის) შენობაში მცხოვრები 12-ოჯახი მერთან შეხვედრას ითხოვდა. მოსახლეობა მირიან ქათამაძის კაბინეტში ძალის გამოყენებით შეიჭრა. ისინი საცხოვრებელი ფართების დროულად დაკანონებას ითხოვდნენ. მოსახლეობა შიშობს, რომ არჩევნების შემდეგ მათ გამოასახლებენ და საცხოვრებელის გარეშე დარჩებიან.