შატილში მომხდარი ავარიისას ერთერთი გარდაცვლილის მამა ტურისტული კომპანიის დასჯას ითხოვს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს ერთერთი გარდაცვლილის მამა ტურისტული კომპანიის დასჯას ითხოვს.

მისი თქმით, მიზეზი არის კომპანია, რომელმაც ამდენი ადამიანი ერთი სამარშრუტო ტაქსითი ასეთ გზებზე წაიყვანა.

“მიზეზი არის კომპანია, რომელმაც წაიყვანა ჩემი შვილი. 20 კაცს სპრინტერში რა უნდა, ან იმ გზაზე როგორ გაუშვეს, ნახეთ,რა გზებია. კომპანია უნდა დაისაჯოს მაგის გამო”,- განუცხადა “ტვ პირველს” ერთერთი გარდაცვლილის მამამ.

რაც შეეხება კომპანია Traveler.ge-ს, მათი წარმომადგენელის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარეს და  შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიკვლევს ყველაფერს და შემდეგ გაკეთდება განცხადება.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. სამივე მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები