ამირან გამყრელიძე: მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინე სივრცეს 571 ადამიანი დატოვებს

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ყურადღებას იქცევდა მესტიის მუნიციპალიტეტი და ლენჯერის თემში გვქონდა რამდენიმე ათეული დადასტურებული შემთხვევა.

“დღეის მდგომარეობით, უკვე გავიდა 12 დღე კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის. ამიტომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური, განმეორებით „პისიარ“ ტესტირება კარანტინში მყოფ ადამიანთა, ასევე თვითიზოლაციაში მყოფ პირთა, აგრეთვე განმეორებითი ტესტირება თვითონ ლენჯერის თემში მყოფი მოსახლეობის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 1216 პირი გამოიკვლიეს.

„აქედან 357 ლენჯერში, ასევე კარანტინიდან 571 ადამიანი, თვითიზოლაციაში მყოფი – 56. კარანტინს იცავდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც, ასეთი 75 პირი იქნა გამოკვლეული, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და დაბა მესტიის საავადმყოფოს 46 თანამშრომელი.

უპირატესად ინფექცია კონცენტრირებული იყო მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემში. განმეორებითი კვლევებისას ჩვენ თვითონ ლენჯერში კიდევ შვიდი ახალი შემთხვევის, ხოლო ზოგადად ლენჯერთან დაკავშირებული, ასევე ზემო სვანეთს გარეთ, ერთად 11 შემთხვევის იდენტიფიცირება მოვახდინეთ. მათი უმრავლესობა სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდაა გადაყვანილი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინე სივრცეებს ტოვებენ პირები, რომლებსაც საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ, ტესტირებით ინფექცია არ უდასტურდებათ.

„მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინში მყოფი 571 ადამიანი, რომლებსაც ვადა გაუვიდათ, უარყოფითი პასუხის გამო მესტიას, საკარანტინო სივრცეებს ტოვებენ. სულ რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა საკარანტინო სივრცეში. კარანტინის რეჟიმი სხვადასხვა იყო სხვადასხვა ადამიანებისთვის და მოსახლეობისთვის. ის დაახლოებით, 27 აგვისტოსთვის მთავრდება.

ადამიანები განმეორებით იტესტებიან და დარწმუნებული ვარ, იქ ინფექცია არ გვექნება. ორი ახალი შემთხვევა გვაქვს ლენჯერთან დაკავშირებული უკვე ლენტეხის მუნიციპალიტეტში. გუშინ, ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, იქაც საკმაოდ ინტენსიური მუშაობა დაიწყო და რამდენიმე სოფელში, დაახლოებით 126-მდე ბიოლოგიური ნიმუში იქნა აღებული, რომელიც ქუთაისის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. პასუხები დღეს გვექნება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ ქვეყანაში 1421 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები