ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარეს
ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებითაც შატილის ტური დაიგეგმა, გამოკითხვაზე დაიბარეს.
“გამოკითხვაზეა ყველა დაბარებული და შესაბამისად, იკვლევენ მძღოლის, გიდის და ყველაფრის კონტაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიკვლევს ყველაფერს, ავტომანქანას და ასე შემდეგ და შემდეგ გაკეთდება განცხადება”, – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, შალვა ბოლოთაშვილმა “კურიერს”.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. სამივე მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.