ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს – “მოსახლეობას მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტს ვაწვდით”
ლენტეხში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და ტექნიკა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, უკვე აღდგენილია სოფლებთან კავშირი და მოსახლეობა საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით მარაგდება.
„გუშინ ჩვენ შევძელით გაგვეხსნა სოფელ საყდრამდე მიმავალი გზა,მაგრამ მოსულმა ნალექმა გზა ისევ ჩაკეტა, გახსნილია სოფელ ესიერამდე მიმავალი მონაკვეთი, ამჟამად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საყდარი-დურაშისა და ტვიბის გზის მიმართულებით მიმდინარეობს. მოსახლეობას სამაშველო სამსახურების დახმარებით საჭირო მედიკამენტებს, პურის ფქვილსა და სხვა საჭირო პროდუქტებს ვაწვდით. აქტიურად გვეხმარება საქართველოს საგზაო დეპარტამენტი“-განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო კომისია ზარალს იმ ადგილებში ითვლის, სადაც ამ ეპატისთვის მისვლა შესაძლებელია. მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება.
მეორე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფება და სალიკვიდაციო სამუშაოებში უშუალოდ არის ჩართული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი.