“პროკურატურამ პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„პროკურატურამ პანკისში დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის ი.ფ-ს, ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა – ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ნ.წ.-მ – სხივის ძვლის მოტეხილობა.
ნ.წ.-ს და გ.წ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.
ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53′-126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 53′-118 მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53′ -126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დღეს, 22 აგვისტოს წარედგინათ“, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.