რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში  ტურიზმის რეგიონული ფორუმი გაიმართა

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონული ფორუმი გამართა. პროექტის მიზანი რეგიონის ტურიზმისა და აგრო-ტურიზმის შესაძლებლობების პოპულარიზაციაა.

ფორუმის პირველი ნაწილი საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციებს დაეთმო.

ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე რეგიონის ტურისტული საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა.

ფორუმის მეორე ნაწილი კი ფორუმში მონაწილე ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაეთმო, რომელიც წინასწარ მომზადებულ ცალკე აგრო სივრცეში მოეწყო. ART სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, ასევე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფორუმს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი,მხარის ხელმძღვანელი პირები,  მთავრობის წარმომადგენლები, ტურისტული სააგენტოები,  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის მაცხოვრებლები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდა.

როგორც „რეგიონული კვირასთან“ საუბარში  მზია გიორგობიანმა აღნიშნა , რეგიონული ფორუმი ტურიზმის მხარდაჭერისა მიზნით იმართება და 4 მუნიციპალიტეტია წარმოდგენილი.

„აქ არის საოჯახო მარნები, ტურისტული კომპანიები,კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი წარმოებული პროდუქცია გამოფინეს. ასეთი ფორუმები საქართველოში მნიშვნელოვანია არა მარტო ერთი რეგიონის პოპულარიზაციისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ გაიზარდოს მხარის ცნობადობა.საკმაოდ ბევრი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება , რომელიც შეიძლება გამოიყენოს თითოეულმა მეწარმემ, რომ შესაძლებლობა გაჩნდეს გლეხი გადაიქცეს ფერმერად და მისი პროდუქცია არა მხოლოდ რეგიონში რეალიზდეს, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და ევროკავშირის ბაზარზეც კი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერის, თიკო ტყეშელაშვილის თქმით, ასეთი ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, რადგანაც ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალი კარგად არაა გამოვლენილი.

„გვინდა, ამით ხელი შევუწყოთ ვიზიტორების დაინტერესებას ამ რეგიონების მიმართ, ახალი ტურისტული სერვისების დაგეგმვას. ჩვენი პროექტი “ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების  ხელშეწყობას,რაც გულისხმობს ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები უფრო საინტერესოა, რადგან ადგილობრივებმა უკეთ იციან სადაა პრიორიტეტები“,- განაცხადა პროგრამის მენეჯერმა.

„რეგიონული კვირა“ მარანი „სამის“ ერთერთ დამფუძნებელ – ანდრო ჯიშკარიანს გაესაუბრა. მისი თქმით, ასეთი ფორუმები საინტერესოა მეწარმეებისთვის.

„ჩვენ ერთი წელია რაც ღვინის ჩამოსხმა დავიწყეთ,როგორც რაჭაში, ასევე კახეთში. ასეთი ფორუმები საინტერესოა ტურისტული პოტენციალის წარმოდგენისთვის როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მიმართულებებითაც“,-განაცხადა მეღვინე ანდრო ჯიშკარიანმა.

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონული ფორუმი გაიმართა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით,” რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია”-თან (RSDA) პარტნიორობით,  პროექტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები