უხვმა ნალექმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები დააზიანა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და სეტყვამ ქალაქ საგარეჯოში, თოხლიაურში პატარძეულში, გიორგიწმინდაში, ხაშმში, წყაროსთავსა და ნინოწმინდაში საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები დააზიანა. დატბორილია რამდენიმე სახლი.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი ადგილზე იმყოფება და არსებულ ვითარებას ეცნობა. სოფელ თოხლიაურში, ე.წ “ყიასაანთ” ხევის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უხვი ნალექის შედეგად ადიდდა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაო პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან.
ამ დროისთვის, ქალაქის მასშტაბითა და სოფლებში ელექტრო ენერგიისმიწოდება აღდგენილია.