გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა გურიას კლიმატ-ნეიტრალური მწვანე რეგიონის სტატუსის მიღწევაში დაეხმარება
პროექტის – „გამჭვირვალობის ინტეგრირებული ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად“ ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გარემოს გლობალური ფონდის დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, შემუშავდება და ეტაპობრივად განხორციელდება რეგიონისთვის სასარგებლო ევროპული, კლიმატგონივრული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა.
შეთანხმების მთავარი მიმართულებაა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რომელშიც რეგიონის მკვიდრთათვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება გათვალისწინებული და შექმნის შესაძლებლობებს დონორების მობილიზაციისათვის.
შეხვედრაზე ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა გურიის რეგიონის პოტენციალზე, გახდეს საქართველოში პირველი კლიმატ-ნეიტრალური მწვანე რეგიონი და გამოთქვა მზადყოფნა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე გაფორმდა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებთან.