“სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდა, თუმცა ღამემ მშვიდად ჩაიარა” – ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დაიწყება
იმის გამო, რომ წვიმა წუხელ გვიან შეწყდა, აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდა, თუმცა ღამემ მშვიდად ჩაიარა, – ამის შესახებ „რეგიონული კვირას“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა – ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა.
„წუხელ სიმშვიდე იყო. გუშინ სალიკვიდაციო სამუშაოების აქტიური განხორციელება უამინდობის გამო ვერ შევძელით, ახლა ცოტა უკეთესი ამინდია და ვიწყებთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მდგომარეობა უცვლელია და სოფლებამდე მისასვლელი ხიდები და გზა კვლავ დაზიანებულია. კომუნიკაცია სატელეფონო ხაზებით ხდება. დამიკავშირდა რამდენიმე ადამიანი და ითხოვენ მედიკამენტებს, ახლა აფთიაქში მივდივარ, რომ ეს საჭირო წამლები მივაწოდოთ მოქალაქეებს. მიწოდება კი სამაშველო სამსახურის მაშველების საშუალებით უნდა მოვახდინოთ“,-განაცხადა ლენტეხის მერმა.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და ადგილზე სიტუაციას აკონტროლებდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი – გოჩა ენუქიძე და მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი მაქარაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ დილით, ლენტეხში მოსულმა უხვმა ნალექმა ჩოლურის თემის სოფლები: დურაში, ტვიბი,ესიერი, საყდარი და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა, მწყობრიდან გამოვიდა შიდა სასოფლო გზები, დაზიანდა სოფლებთან მიმავალი ხიდი.