თერჯოლაში მინიფეხბურთის ტურნირი 2008 წლის ომში დაღუპულ გმირის ხსოვნას მიეძღვნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ძევრისა და სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი-ფეხბურთში უბნებს შორის გამართულ ფინალურ შეხვედრებს დაესწრნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ძევრში ტურნირი 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტურნირის მონაწილეებთან, გმირის მამასა და შვილთან ერთად მემორიალთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ხსოვნას.
სიქთარვაში შეხვედრის დაწყებამდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს მხატვრული ნომრები წარუდგინეს.
ფინალურ შეხვედრაში ძევრში კაკულაშვილების უბანმა, სიქთარვაში კი გუნდმა “მგლები” გაიმარჯვა. მონაწილე გუნდებს სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცათ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება, მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები