ლენტეხში სტიქიამ 5 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა, წაღებულია გზები და ხიდები – მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
წვიმის სახით მოსულმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლები – დურაში, ტვიბი, ესიერი, საყდარი და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია სამი ხიდი – მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი და ესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე.
სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა კალაპოტიდან გადმოვიდა და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები.
ლენტეხში იმყოფება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად, ადგილზე ეცნობიან არსებულ მდგომარეობას. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ამ დრომდე ძლიერად წვიმს, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას ხელს უშლის.
გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება, კავშირი კი მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციითა შესაძლებელი.
როგორც გოჩა ენუქიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, სოფლებთან მისასვლელი ხიდები დაზიანდა და მოსახლეობასთან სატელეფონო კავშირით ცდილობენ მათი საჭიროებები დაადგინონ.
„ადიდებულია სამი მდინარე, 5 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, წაღებულია სამი ხიდი, გადაუღებელი წვიმის გამო ინტენსიური სამუშაოები ვერ ხერხდება, თუმცა ერთი ხიდის გახსნა მაშველებმა მაინც შეძლეს. როგორც კი წვიმა შეწყდება კომისიის მიერ ზარალის დათვლა დაიწყება“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, გიორგი მაქარაშვილმა განმარტა, რომ სტიქიას მსხვერპლი არ მოყოლია.
„ყველა ამ სოფელში არის ელექტროენერგია და წყალი მათი საჭიროების შესაბამისად,. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, თუ საჭიროება გადხდა 112 სამსახურები მზად არიან დახმარების გასაწევად,მალე , როგორც კი წვიმა შეწყდება დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები“-განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.
სტიქიის ზონაში დილიდანვე იმყოფება ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რომელიც რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ძლიერი წვიმა დილის 5 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
„5 სოფლის დამაკვაშირებელი 3 ხიდია წაღებული, 2 დაზიანდა,მდინარეები კალაპოტიდან გადავიდა და მიმართულება შეიცვალა.შესაბამისი ზომები მიღებულია და მალე დავიწყებთ სალიკვიდაციო სამუშაოებს, მთავარია ამინდი გამოკეთდეს“, – თქვა ლიპარტელიანმა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე წვიმს, თუმცა მაშველებმა მდინარე ჩოლშურის ხიდის გახსნა მოახერხეს, შედეგად ამ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება აღდგა.