ნათია თურნავა: რეგულარული ფრენებისა და არსებული მიმართულებების სიხშირის გაზრდა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული

 

თუ მოგვცემს ეპიდვითარება საშუალებას, იგივე ევროპაში, რომ დავამატოთ კიდევ რეგულარული ფრენები ან გავზარდოთ არსებული მიმართულებების სიხშირე, ამას გავაკეთებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ამბროლაურში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ამჟამად ფრენები ხორციელდება, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან და ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ადეკვატური ზომები იქნება მიღებული.

„ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტატუსკვოს. საკმაოდ ინტენსიური ფრენებია და ეს  ხორციელდება იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც იძლევა მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება და საქართველოში არსებული ანტიპანდემიური ღონისძიებები. რომ არა პანდემია, რა თქმა უნდა, გვექნებოდა ჯერადობით მეტი ფრენა, როგორც ეს იყო შარშან, შარშანწინ და ბოლო წლებში. ახლა ჩვენ გვაქვს რეგულარული ფრენები უსაფრთხო ქვეყნებთან, გვაქვს კომერციული ჩარტერები და ასევე ჩვენ გვაქვს სოციალური ფრენები.

აი, დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ და დავამტკიცეთ სტუდენტებისთვის კიდევ მორიგი რეისი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. აქედან გამომდინარე, ფრენები არის ოპტიმალური რაოდენობით. თუ მოგვცემს ეპიდვითარება საშუალებას, იგივე ევროპაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საშუალებას, რომ დავამატოთ კიდევ რეგულარული ფრენები ან გავზარდოთ არსებული მიმართულებების სიხშირე, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ასევე, ყურადღებით ვართ, რომ თუკი რაიმე გაუარესდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, საიდანაც ფრენები ხორციელდება, მზად ვართ, მივიღოთ ადეკვატური ზომები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, რაც პრიორიტეტია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კომენტარი სააკაშვილის მიერ წულუკიანი სიძულვილის ენით მოხსენიებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მიუღებელია, იქნება ეს წინასაარჩევნო პერიოდი თუ ზოგადად.

“ბოლო პერიოდში, ასეთი ენის გამოყენების ფაქტების შემსწრე ხშირად ვართ, მაგრამ მთავრობის წევრებს თმენის მეტი ვალდებულება გვაქვს. მათი მხრიდან ეს მათ დაბალ კულტურაზე და უარგუმენტობაზე მიანიშნებს. ვისაც არგუმენტები არ აქვს, ის ლანძღვაზე გადადის”,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები