“პროგრამით „სახელმწიფო – შენი პარტნიორი”, სერვისები, რასაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უკეთებს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს”

“ჩვენ დღეს ვიწყებთ პროგრამას – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი”, ამაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ცოტა ადრე უნდა დაგვემთავრებინა, თუმცა არაუშავს, კრიზისულ პერიოდში ეს კარგი და ეფექტური ნაბიჯი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამბროლაურში, ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო კონკრეტული პროგრამები – „აწარმოე საქართველოში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში, კიდევ არაერთი პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში, რომლებიც გაშლილი იყო სხვადასხვა სამინისტროში და თავმოყრილი იყო თბილისში.
„მიუხედავად ამისა, მიკროგრანტების პროგრამაც რომ დავამატოთ, სხვადასხვა პროგრამით, ჩვენმა ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. 1,5 მლრდ-ზე მეტი გაიცა სესხის სახით და შეიქმნა ათობით ათასი სხვადასხვა საწარმო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს სერვისები, რასაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უკეთებს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს. საქართველოს მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში შეგიძლიათ მიიღოთ ზუსტად ის მომსახურება, რისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში, მისულიყავით ერთ სამინისტროში, მეორეში, მესამეში, ბანკში და ა.შ. გარდა ამისა, გადამზადებულია საზოგადოებრივი ცენტრის 700 თანამშრომელი, რომლებიც პირდაპირ მოგაწვდით ინფორმაციას, მოგემსახურებიან და დაგეხმარებიან კონტრაქტის პირობების შექმნაში. ხელმოწერის დონეზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება აქ, ამბროლაურში და მსგავს საზოგადოებრივ ცენტრებში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ახალი პროგრამის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.
„ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც ადამიანი დაქირავებული სამსახურიდან იწყებს კერძო ბიზნესში გადასვლას, კერძო ინიციატივას, უნდა გახდეს მეწარმე და დგამს პირველ ნაბიჯებს. ეს უდიდესი პრობლემაა, ფინანსური პრობლემები, ცოდნა, ბაზარი და ა.შ სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მივეხმაროთ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. ეს პირველი ნაბიჯია, რომ ადამიანი სახელმწიფოს ეუბნება – მომეხმარე და მე მზად ვარ, პასუხისმგებლობა ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ავიღო. თუ გაუმართლა და კარგი მეწარმე გამოდგა, შემდეგ ის უკვე პასუხისმგებლობას აიღებს მეზობელზე, მას დაასაქმებს და ძლიერი ოჯახი, ძლიერი რეგიონი არის ძლიერი ქვეყანა. მინდა იცოდეთ, რომ ის, რასაც 2012 წლიდან ვაკეთებთ, აბსოლუტურად გააზრებულია. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, ჩვენ, ყველას შეგვიქმნას თანაბარი უფლებები და სამართლიანი პირობები, მოგვეხმაროს იქ, სადაც მას შეუძლია და შემდგომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მივეხმაროთ ჩვენს სოფლელებს, ჩვენს ქალაქელებს, დავასაქმოთ სხვა ადამიანები და ასე გავაძლიეროთ ქვეყანა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი პროგრამა არის უაღრესად პრაქტიკული მექანიზმი და არა ზედმეტი, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი.
„დღეს, ამბროლაურში, რაჭაში, თითოეულ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, პირველი ნაბიჯი გადადგას, დაიწყოს ბიზნესი, გახსნას საკუთარი საქმე, გლეხი გახდეს ფერმერი, მოდის ამ შენობაში და აქვს ყველა ინფორმაცია, თუ რით მიეხმარება სახელმწიფო, რა პროგრამები არსებობს სოფლის მეურნეობაში – „დანერგე მომავალი”, სარწყავი სისტემების პროგრამები, შეღავათიანი თუ აგროკრედიტები, ტექნიკის დაფინანსება, რა პროგრამებიც არსებობს ეკონომიკის სამინისტროში – მარტივია ეს ყველაფერი და აქ გვყავს მომზადებული ხალხი, რომლებიც ყველაფერში დაგეხმარებიან. ვთვლი, რომ ეს არის სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია – თანაბარი, სამართლიანი პირობები ყველასთვის, მივეხმაროთ იქ, სადაც შეგვიძლია და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ის პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარ საქმეში, გვერდით დავუდგეთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში შეიყვანა.
„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში ასე შეიყვანა. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივა. საერთოდ, საზოგადოებრივი ცენტრი გახდება მიზიდულობის ძალა ჩვენი ყველა აქტიური მოქალაქისთვის. ამ რეგიონისთვის, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ტურიზმით გაგრძელებული და მეწარმეობით დამთავრებული, ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. ყოველწლიურად, როცა ვუყურებთ, რა ხდება ამბროლაურში, ონში, ეს არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და წარმატებებს გისურვებთ რაჭველებო! დაიწყეთ თქვენი ბიზნესი ფერმერობიდან, გლეხობიდან გახდით ფერმერები და უმასპინძლეთ რაც შეიძლება მეტ ტურისტს! წარმატებას გისურვებთ!” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისათვის, სახელმწიფო – შენი პარტნიორი” – ეს არის საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს დეტალური ინფორმაცია და მომსახურება, რასაც მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს.
პროექტი ითვალისწინებს ერთიანი სივრცეების შექმნას საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეები შეძლებენ ადგილზე ისარგებლონ ინფრასტრუქტურით და შეავსონ განაცხადები, ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში”, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ. ამაში სერვისცენტრებში მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან.
ასევე, პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე – programs.gov.ge, სადაც მომხმარებელი შეძლებს, დისტანციურად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმების და განაცხადის შევსების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამბროლაურის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერეს, სადაც მოქალაქეებს აღნიშნული სერვისების მიღება უკვე შეუძლიათ. იმ მომსახურებების შესახებ, რომლებსაც მოქალაქეები ადგილზე მიიღებენ, მთავრობის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესაუბრა.
ღონისძიებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები