ნათია თურნავა: “სახელმწიფო შენი პარტნიორია” ეფექტური ინიციატივაა და მიზნად ისახავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას
“სახელმწიფო შენი პარტნიორია” ძალიან ეფექტური ინიციატივაა, ეს პროექტი, ისევე როგორც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ეკონომიკური კრიზისია პანდემიის გამო, მიზნად ისახავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რაჭაში პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორიას“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მეწარმეობის მხარდაჭერის ყველა პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი.
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს, მიკრომეწარმეებს, პოტენციურ მეწარმეებს, ვისაც სურთ, რომ ჩაერთონ ჩვენს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამებში. „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ არის ძალიან ეფექტური ინიციატივა. უნდა ავღნიშნო, რომ ეს ინიციატივა ეკუთნის პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, რომელმაც არ მოგვასვენა სამი სამინისტრო და ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად, პრაქტიკულად თვე-ნახევარში, განგვახორციელებინა ეს პროექტი.
ეს პროექტი, ისევე როგორც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ეკონომიკური კრიზისია პანდემიის გამო, მიზნად ისახავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ყველა ჩვენი მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა არის მიმართული იქითკენ, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, თუნდაც მცირე-მიკრო საქმიანობიდან, დასაქმდნენ და დაასაქმონ სხვები. ეს პროგრამები, ამ მიმართულებით ძალიან ეფექტურად მუშაობს. ეს არის თქვენთვისაც ახალი შესაძლებლობა. მხოლოდ ერთი ეკონომიკის სამინისტროს პროექტი რომ ავიღოთ „აწარმოე საქართველოში“, უკვე 600-მდე მცირე საწარმო და მცირე და საოჯახო სასტუმრო არის შექმნილი ჩვენი მხარდაჭერით. 19 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა. 6 ათასზე მეტი მიკროგრანტის პროექტი განხორციელდა და აქაც 15 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. ჩვენი მიზანია, რომ ამ პროგრამების წყალობით სამუშაო ადგილები შეიქმნას არა მხოლოდ მსხვილ ქალაქებში, არამედ სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. ჩვენ თავი მოვუყარეთ 20-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას, რომლიც შეიქმნა მეწარმეებისთვის, გავიტანეთ თბილისიდან და წამოვიღეთ აქ რაჭაში და კიდევ 100-მდე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც თქვენთვის ძალიან კომფორტულ, ნაცნობ გარემოში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, სპეციალურად მომზადებული, დატრენინგებული ადამიანები დაგეხმარებიან შეავსოთ აპლიკაციები, მოამზადოთ ბიზნეს გეგმა, მიიღოთ ინფორმაცია რას გთავაზობთ სახელმწიფო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.