“80 საზოგადოებრივ ცენტრსა და იუსტიციის 24 სახლში შეგიძლიათ ზუსტად ის მომსახურება მიიღოთ, რისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში”

2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ მიიღო კონკრეტული პროგრამები, როგორც აწარმოე საქართველოს, ასევე ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე ტურიზმის ფარგლებში. ეს პროგრამები იყო გაშლილი სხვადასხვა სამინისტროში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თავმოყრილი იყო თბილისში- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  ამბროლაურში განაცხადა, სადაც პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორის“ პრეზენტაცია იმართება.

გიორგი გახარიას თქმით, ამის მიუხედავად, ამ სხვადასხვა პროგრამით ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა და სესხის სახით მილიარდნახევარზე მეტი გაიცა.

„მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ეს სერვისები, ეს მომსახურება, რასაც სახელმწიფო უკეთებს ცალკე აღებულ მოქალაქეს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს. დღეს საქართველოში 80 საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიციის 24 სახლში შეგიძლიათ ზუსტად ის მომსახურეობა მიიღოთ, რისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრის 700 თანამშრომელი გადამზადდა“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ახალი პროგრამის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.

„ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც ადამიანი დაქირავებული სამსახურიდან იწყებს კერძო ბიზნესში გადასვლას, კერძო ინიციატივას, უნდა გახდეს მეწარმე და დგამს პირველ ნაბიჯებს. ეს უდიდესი პრობლემაა, ფინანსური პრობლემები, ცოდნა, ბაზარი და ა.შ სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მივეხმაროთ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. ეს პირველი ნაბიჯია, რომ ადამიანი სახელმწიფოს ეუბნება – მომეხმარე და მე მზად ვარ, პასუხისმგებლობა ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ავიღო. თუ გაუმართლა და კარგი მეწარმე გამოდგა, შემდეგ ის უკვე პასუხისმგებლობას აიღებს მეზობელზე, მას დაასაქმებს და ძლიერი ოჯახი, ძლიერი რეგიონი არის ძლიერი ქვეყანა. მინდა იცოდეთ, რომ ის, რასაც 2012 წლიდან ვაკეთებთ, აბსოლუტურად გააზრებულია. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, ჩვენ, ყველას შეგვიქმნას თანაბარი უფლებები და სამართლიანი პირობები, მოგვეხმაროს იქ, სადაც მას შეუძლია და შემდგომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მივეხმაროთ ჩვენს სოფლელებს, ჩვენს ქალაქელებს, დავასაქმოთ სხვა ადამიანები და ასე გავაძლიეროთ ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი პროგრამა არის უაღრესად პრაქტიკული მექანიზმი და არა ზედმეტი, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი.

„დღეს, ამბროლაურში, რაჭაში, თითოეულ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, პირველი ნაბიჯი გადადგას, დაიწყოს ბიზნესი, გახსნას საკუთარი საქმე, გლეხი გახდეს ფერმერი, მოდის ამ შენობაში და აქვს ყველა ინფორმაცია, თუ რით მიეხმარება სახელმწიფო, რა პროგრამები არსებობს სოფლის მეურნეობაში – „დანერგე მომავალი“, სარწყავი სისტემების პროგრამები, შეღავათიანი თუ აგროკრედიტები, ტექნიკის დაფინანსება, რა პროგრამებიც არსებობს ეკონომიკის სამინისტროში – მარტივია ეს ყველაფერი და აქ გვყავს მომზადებული ხალხი, რომლებიც ყველაფერში დაგეხმარებიან. ვთვლი, რომ ეს არის სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია – თანაბარი, სამართლიანი პირობები ყველასთვის, მივეხმაროთ იქ, სადაც შეგვიძლია და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ის პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარ საქმეში, გვერდით დავუდგეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში შეიყვანა.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში ასე შეიყვანა. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივა. საერთოდ, საზოგადოებრივი ცენტრი გახდება მიზიდულობის ძალა ჩვენი ყველა აქტიური მოქალაქისთვის. ამ რეგიონისთვის, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ტურიზმით გაგრძელებული და მეწარმეობით დამთავრებული, ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. ყოველწლიურად, როცა ვუყურებთ, რა ხდება ამბროლაურში, ონში, ეს არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და წარმატებებს გისურვებთ რაჭველებო! დაიწყეთ თქვენი ბიზნესი ფერმერობიდან, გლეხობიდან გახდით ფერმერები და უმასპინძლეთ რაც შეიძლება მეტ ტურისტს! წარმატებას გისურვებთ!“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები