მარტვილში კორონავირუსზე მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, 17 აგვისტოდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადამიანთა კვლევა დაიწყო.
კვლევაში ამჯერად ოთხი მუნიციპალიტეტი: მარტვილი, ქობულეთი, ხელვაჩაური და ბორჯომი ჩაერთო.
კვლევის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1200 ადამიანი შეირჩა. უნდა დაადგინონ, გადაიტანეს თუ არა მათ კორონავირუსის ინფექცია, სიმპტომით იქნება ეს, თუ უსიმპტომოდ.
“ამ კვლევას დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი დასჭირდება. აღნიშნული ტიპის კვლევა ორი თვის წინ ჩავატარეთ თელავსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. საკმაოდ კარგი ინფორმაცია მოგვცა. ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით ქვეყანაში ჩატარდება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების შესახებ -ადამიანების რამდენ პროცენტს სიმპტომებით ან უსიმპტომოდ, უფრო ხშირად უსიმპტომოდ, გადატანილი აქვს ინფექცია და არ იცის”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, მსგავსი კვლევები საქართველოში პერიოდულად გაგრძელდება.