საქსტატი: საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1 პროცენტით შემცირდა და 984.2 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 205.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.9 პროცენტით გაიზარდა და 12.5 მილიონ ფრთას მიაღწია.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 197.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 16.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია.
ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 167.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.4 პროცენტით ჩამორჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები