სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ამ დრომდე ეძებენ
სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გაუჩინარებული მოზარდის სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მოზარდის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.
“ილია ფილფანის ფოტოსურათი საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფშია დაგზავნილი.
მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს დაკარგული მოზარდის ოჯახთან და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით”,- განუცხადეს “რეგიონულ კვირას” უწყებაში.
სვანეთში გაუჩინარებულ მოზარდს 32-ე დღეა ეძებენ. წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს დამნაშვისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.