ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი მირზა ქოჩიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი გურამ თურქაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ გოდერძი თურქაძე, საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძე, ამავე კომისიის წევრი სოფიკო სიუკაევა, თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე.
რა ვითარებაა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლებში, რა რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას 24 საჯარო და 1 კერძო სკოლა იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, რა დახმარებას საჭიროებენ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან – ამ და სხვა თემებზე იმსჯელეს დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და რესურსცენტრისა და სკოლების ხელმძღვანელებმა თერჯოლის მე-2 საჯარო სკოლის ეზოში გამართულ შეხვედრაზე.
“სასკოლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. შენდება 3 ახალი სკოლა, რაზეც საერთო ჯამში 5 მლნ ლარამდე დაიხარჯება. ასევე მიმდინარე წელს 14 საჯარო სკოლის სველი წერტილების მოწესრიგებას მივანიჭეთ პრიორიტეტი, რათა დაცული ყოფილიყო სანიტარული ნორმები. რეალობამ გვიჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის, რეკომენდაციების გათვალისწინებით, სველი წერტილების გამართული ფუნქციონირება ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სველი წერტილების მოსაწყობად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
სამუშაოები დროულად, სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება, ამისათვის ჩვენ სისტემატურ მონიტორინგს ვახორციელებთ. აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, სკოლის თითოეულ პედაგოგს იმ ძალისხმევისათვის, რაც პანდემიის პერიოდში გამოიჩინეთ. დისტანციური სწავლება-ეს იყო გამოწვევა, რასც თქვენ ღირსეულად გაართვით თავი და სასწავლო პროცესების უწყვეტობის გამო სასწავლო წელი შედგა”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
ლაშა გოგიაშვილმა, ასევე მშობლიური, თერჯოლის მე-2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც გასულ წელს მილენიუმის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდა.
2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლდება.