გიორგი გახარია: ჩვენ შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მაგრამ როდესაც საქმე სამშობლოს ეხება, აქ უნდა ვიყოთ ერთად

გზა, წყალი, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-ამ და სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას.

პრემიერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდები დაუბრუნდნენ რეგიონს და მიეცეთ საშუალება თავიანთი მიზნების განხორციელების.
,,უნდა გვახსოვდეს რომ ისტორიულად დმანისი ყოველთვის იყო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუთხე. დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს არის პერსპექტივის დიდი მომავლის საწინდარიც. აქ ჩვენ ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას გავაკეთებთ ხვალ. ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი რომლის ცენტრშიც ყოველთვის იყო ადამიანი და რომლის ცენტრშიც ყოველთვის იქნება ადამიანზე ზრუნვა. ადამიანზე ზრუნვის მიზნით დმანისი მაღალმთიანი სტატუსის ნუსხაში შევიყვანეთ. ეს პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ დმანისში ადამიანს შეეძლოს ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება. იმისათვის, რომ ახალგაზრდები რეგიონს უბრუნდებოდნენ. სწორედ აქ უნდა იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, დმანისში ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღება უნდა შეეძლოთ. როდესაც თბილისში ჩავლენ თბილისელ ახალგაზრდებს კარგი კონკურენცია გაუწიონ. პენსიონერები კი ზუსტად ისე უნდა ცხოვრობდნენ, როგორც დიდ ქალაქებში -ღირსეულად. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს უკეთესი პირობების შექმნა თითოეული მოქალაქისთვის. უპირველეს ყოვლისა წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები და ინფრასტრუქტურა. სასმელი წყალი, საერიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ეს ყველაფერი არის ბოლომდე გასაკეთებელი. მშვიდ და სამართლიან გარემოში გავზარდოთ ჩვენი შვილები და ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ამისთვის ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვმართებს კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას გააჩნია. ჩვენ ზუსტად ვიცით რა სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელობა უკეთესი იყოს გუშინდელზე და ხვალინდელი უკეთესი ვიდრე დღევანდელი დღე. შემთხვევით არ ვამბობთ, ერთად საქართველოს წარმატებისთვის. რადგან მარტო კაცს არაფერი გაუკეთებია. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მაგრამ როდესაც საქმე სამშობლოს ეხება, აქ უნდა ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ ერთად, ამ ბრძოლაში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მიშველიანი იქნება ღირსეული ხმა დმანისის რაიონის საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, დმანისში პარტია “ქართული ოცნება”  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოგი მეშველიანს წარადგენს. დღესვე, მმართველმა გუნდმა კანდიდატი უკვე წარუდგინა წალკის მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები