პრემიერი: სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას
სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას იმისთვის, რომ ვიშრომოთ, ვიყოთ ეფექტურები, გვქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც აქამდეც ვზრუნავდით და რაც უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა სამართლიანობა იქნება ძირითადი პრინციპი, რომელიც უნდა გაგრძელდეს.
„არსებობს სტრუქტურული, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემური მიმართულებები, სადაც ჩვენ შემდგომი წლების განმავლობაში რეფორმები დაგვჭირდება, ეს არის ჩვენი ბავშვები და მათ განათლებაზე ზრუნვა. ხელისუფლების და მთავრობის პასუხი ამ გამოწვევაზე იყო განათლების რეფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა კრიზისისა, არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე, რადგან ჩვენს შვილებს, რომლებმაც ამ ქვეყანაში უნდა მიიღონ ხარისხიანი განათლება, ქვეყნის დატოვებისას უნდა შეეძლოთ სხვა ქვეყნის შვილებთან კონკურენცია და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი შვილების წინაშე. ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები, რომელთა ჯანმრთელობაზე და ელემენტარული სოციალური დონის შენარჩუნებაზე სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას იმისთვის, რომ ვიშრომოთ, ვიყოთ ეფექტურები, გვქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც აქამდეც ვზრუნავდით და რაც უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ის, რის ირგვლივაც ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში მოგვიწევს ტრიალი, მაგრამ რა თქმა უნდა, არის ისეთი მიმართულებები, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის სოფლის მეურნეობა, საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რომელსაც წლები დასჭირდება, რომ ნორმალურ ევროპულ მდგომარეობამდე მივიყვანოთ. გზები, წყალმომარაგება, რომელიც დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უაღრესად დიდი პრობლემაა, რუსთავშიც მათ შორის. აქ ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა და მათი ფინანსური მოცულობა რა თქმა უნდა, გაიზრდება. რუსთავში უახლოეს პერიოდში დასრულდება 25-ე და 26-ე სკოლების სრული რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. უამრავია საშრომი ჯერ კიდევ, მაგრამ ძირითადი პრინციპია, რომ დაწყებულია ბევრი უაღრესად კარგი საქმე და ეს საქმეები ერთად უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.