წელს პირველად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იწყება მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამისთვის იდეების მიღება დაიწყო 3 აგვისტოს და გრძელდება 21 აგვისტოს ჩათვლით, რაც საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წარმოადგინონ თავიანთი იდეები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, რომელთა განხორციელებაც მოხდება 2021 წელს.
არის თუ არა მონაწილეობითი ბიუჯეტი ლანჩხუთისთვის უნიკალური პროგრამა რომელიც ჯერ სხვაგან არ განხორციელებულა? ეს, ალბათ, ის შეკითხვაა, რომელსაც ლანჩხუთელები საკუთარ თავს და მერიასაც დაუსვამენ. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა პარალელურად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს და მისი განხორციელება წელს პირველად არ დაწყებულა საქართველოში. ამ პროგრამას უკვე ორ წელზე მეტია რაც ნერგავს საქართველოს რამდენიმე ქალაქი. იგი გამიზნულია მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში. ეს ერთ-ერთ საუკეთესო გზაა საჯარო ფინანსების მართვის, რადგან პროცესში მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც მონაწილეობს და ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი საჭიროებების უკეთ ცოდნით ეხმარება. შედეგად კი იძლევა უკეთეს, უფრო თანასწორ და ინოვაციურ გადაწყვეტებს. ეს პროცესი, ასევე, ეხმარება მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების დაახლოებას. ამასთანავე, ხშირად ამ პროცესში ერთვებიან ის ადამიანები, რომლებიც მანამდე ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდნენ და შესაბამისად, შესაძლებლობას აძლევს მუნიციპალიტეტის მმართველობას გაიგონ ახალი ხმა.
მონაწილეობითი ბიუჯეტი, ერთი შეხედვით შეიძლება, მოგვეჩვენოს მდიდარი ქვეყნებისა და მუნიციპალიტეტებისთვის შესაძლებლობად, გაანაწილონ დიდი ოდენობის მუნიციპალური თანხები. თუმცა, თუ დავაკვირდებით, ეს პროცესი პირველად დაიწყო 1989 წელს ბრაზილიაში, პორტო ალეგრეში, როგორც სიღარიბის წინააღმდეგ წამოწყებული ინიციატივა და რომელმაც ხელი შეუწყო იქ ბავშვებში სიკვდილიანობის თითქმის 20%-მდე შემცირებას. მას შემდეგ ეს პროცესი გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უკვე მრავალი ქვეყანა და ქალაქი იყენებს ამ პროცესს საჯარო ფულის სწორად დაგეგმვისთვის.
აქ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ნუთუ მუნიციპალური ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა არ არის ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია და რატომ არის საჭირო ამაში მოსახლეობის ჩართვა? ამ კითხვაზე პასუხი არის კიც და არაც. მერიისა და საკრებულოს ვალდებულებაა მიიღოს მუნიციპალიტეტისთვის საჭირო გადაწყვეტილებები და ეს თავისთავად, მოიცავს ბიუჯეტის დაგეგმვას. თუმცა, ეს ვალდებულება, თავისთავად არ უკრძალავს ადგილობრივ ხელისუფლებას განსაზღვროს, თუ როგორი ფორმით წარმართავს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა მონაწილეობითი ბიუჯეტის დახმარებით ერთ-ერთი ფორმაა მოსახლეობისგან ახალი იდეების მოსმენისა და ამ იდეების გათვალისწინებისთვს. ის რეალურ შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობას, დაგეგმონ რეალური ბიუჯეტი სწორედ იმ გზით, რომელიც მათ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად.
და ბოლოს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებულად განხორციელდეს? 3 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით უნდა შევავსოთ იდეის მარტივი ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია გვერდზე www.idealanckhuti.ge და წარვადგინოთ მერიაში. შემდეგ, 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, ამავე ვებგვერდის მეშვეობთ, მონაწილეობა უნდა მივიღოთ კენჭისყრაში, რათა გამოვავლინოთ გამარჯვებული იდეები. ბოლოს კი – მონიტორინგი გავუწიოთ ამ იდეების ხარისხიანად და ჩვენს მიერ დაგეგმილი გზით განხორციელებას.