ვისაც თავგადასავლები, ფეხით ხეტიალი და ველური ბუნებით ტკბობა გიტაცებთ – მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. ორკარის კანიონი ყველა ამ მოთხოვნას სრულყოფილად აკმაყოფილებს.
ჩვეულებრივი სოფლის, ასევე ჩვეულებრივ ორღობეში, გზა უსწორმასწოროა, მანქანას ხანდახან სიარული უჭირს, თუმცა გცეუბნებიან, რომ წინ დიდი თავგადასავალი გველოდება და საოცარი ადგილის ნახვის ჟინი არ ქრება.
კანიონზე მისასვლელს ვეძებთ, გვგონია, რომ როგორც საქართველოში, სხვა კანიონებზე გვინახავს, ისე უნდა იყოს, მაგრამ არა, გზას ველური ბუნებისკენ ხეობაში მივიკვლევთ.
თუ ლაშქრობაში ადვილად იღლებით, მაშინ კითხვა აღარ გააგრძელოთ. ამ ველურ და მწვანე თავგადასავლში საკმაოდ რთული მარშრუტის გავლა მოგიწევს.
ხეობა მუდმივად იცვლება, უზარმაზარი ლოდები, ქვები, კანიონში მორაკრაკე პატარა მდინარე – გზადაგზა დაბრკოლებების გადალახვა გიწევს, მუდმივად მოქმედებაში ხარ.
ნელ-ნელა გზა ვიწროვდება, ზაფხულის ხვატს ვეღარც კი გრძნობთ, სიგრილე ყველგანაა. გარემო უფრო და უფრო მისტიკური ხდება, თავი სათავგადასავლო ფილმში გეგონებათ, შეიძლება დაგავიწყდეთ კიდეც, რომ საქართველოში, გურიაში, ლანჩხუთში, ჩოჩხათში ხართ! აქ საოცარი ბუნება თითქმის პირველყოფილი სახით არის შენარჩუნებული.
რამდენიმე ასეული მეტრის შემდეგ გზაგასაყოფთან მოხვდებით, ორკარის კანიონი – მისი სახელწოდება სწორედ ამ ადგილს უკავშირდება. ამ ადგილას შევიწროებული ხეობა კიდევ უფრო ვიწროვდება და ორად იყოფა.
“რეგიონული კვირის” მეგზური ორკარის კანიონში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარების და ინოვაციების ცენტრის ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დარეჯან ბურჭულაძეა.
„ჩვენ ვიმყოფებით ჩოჩხათის სოფელ მოედანში, ორკარის კანიონში, ორკარის კანიონი ბუნებრივი ძეგლია, მისი სიგრძე დაახლოებით 1000 მეტრია. აქ შემოსულ ვიზიტორს, დაახლოებით 700 მეტრში საოცარი ადგილი დახვდება: ხეობა ორ ნაწილად იყოფა, მარჯვენა მხარე გაცილებით რთულია, იქ პროფესიონალი მეკლდეური უნდა შევიდეს თოკებით, მოსაჭიდებით და სხვა სალაშქრო აღჭურვილობით. მარცხენა მხარეს ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებელი შეძლებს გზის ბოლომდე გასვლას. გზის ბოლოს, ძალიან ლამაზი ჩანჩქერია, რომლის ბოლოსაც კიბე არის დამონტაჟებული. მინდა გითხრათ, ეს კიბე პროექტ „რა ყოფილა გურია“ ფარგლებში დამონტაჟდა. ზუსტად ამ ადგილის სახელწოდება აქვს ამ კანიონსაც, კანიონი იყოფა ორად, ორ კარად და დამთვალიერებლისთვის ორ კარად იშლება მისტიური სამყარო. წყალი ძალიან სუფთაა, ამას ამტკიცებს ისიც, რომ მასში არის ამფიბიები, თევზები, გველები, თუმცა ისინი უვნებლები არიან, არ იკბინებიან. გასულ წლებში ორკარის კანიონს ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავდა, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი. წელს მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, ვიზიტორთა შემოდინება პრაქტიკულად არ ხდება. ამიტომ, ვურჩევ ქართველ ვიზიტორებს, საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულებს, ველური ბუნების მოყვარულებს, მოვიდნენ და ნახონ ორკარის კანიონი და განავითარონ შიდა ტურიზმი. მათ ერთ რამეს ვეტყვი – აქ მისტიური გარემო დახვდებათ, საოცარი, თითქმის ხელუხლებელი ბუნება, და სოფელში სტუმართმოყვარე გულღია მასპინძლები“, – გვიყვება დარეჯან ბურჭულაძე.
მარჯვენა მხარე სალაშქროდ საკმაოდ რთულია, გზად დაბრკოლებები რთულდება და მარცხენა მხარეს ვაგრძელებთ გზას. გზად წყალში გავლაც გვიწევს, გზის ბოლომდე მისასვლელად. ჩვენი მარშრუტის ბოლოს პატარა ჩანჩქერი გვხვდება, პატარა თავგადასავალი დასრულდა.
უკან ვბრუნდებით და ვფიქრობთ, რამდენი ასეთი აღმოუჩენელი ადგილია საქართველოში, რამდენი კანიონი, მდინარე და მთაა, რომელიც აღმოუჩენელი გვაქვს, კიდევ რამდენ უცნობ სანახაობას გვპირდება ჩვენი ქვეყნის ბუნება.
მათთვის, ვისაც სურვილი გაუჩნდა ორკარის კანიონი საკუთარი თვალით ნახოს. აქ მოსახვედრად სოფელ ჩოჩხათში უნდა ჩახვიდეთ, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შემდეგ გზა ჩოჩხათის თემში შემავალი სოფელ მოედანისკენ გრძელდება და თქვენ უკვე ადგილზე ხართ. ორკარის კანიონს ადვილად მოაგნებთ, გზაზე რამდენიმე ადგილას კანიონის მანიშნებელი აბრა დგას.
გლობალური პანდემიის გამო, მოძრაობა შეზღდულია, ბევრმა თქვენგანმა უკვე დაგეგმილი მოგზაურობები გადადო, არც ვიცით, რამდენი ხნით. მანამ, სანამ გეგმებს დავუბრუნდებით, კარგი იდეაა, ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული მარგალიტები მოვინახულოთ.
აღმოაჩინე საქართველო, აღმოაჩინე უცნობი გურია.
თათია სამსონიძე