მესტიაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გვაქვს ლენჯერის თემში, რომლებიც უკავშირდება ინფიცირებული ოჯახის წყაროს, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთში ნინო ვიბლიანმა განაცხადა.
რაც შეეხება მესტიაში ეპიდვითარებას, ვიბლიანის თქმით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
„ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, კვლევებმა მოიცვა სრულიად მესტიის მუნიციპალიტეტი და ხდება სინჯების აღება. ყველა კარანტინში მოხვედრილ პიროვნებას აქვს იდეალური პირობები, როგორც კვების, ისე საყოფაცხოვრებო. შეზღუდვა და რეგულაციები, რომელიც მოქმედებს მესტიის მუნიციპაიტეტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, რადგან მოსახლეობა სრული გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს“ , – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
ბოლო მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ დროისთვის, სულ 4000-მდე ადამიანის ბიოლოგიური მასალა იქნა გამოიკვლეული, პროცესი გრძელდება. დღეს ჩაკეტილ ლენჯერში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წითელ ჯვართან ერთად პროდუქტების დარიგებას დაიწყებს.