ტვიშში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა – მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში ალპანა -ქუთაისის გზის მონაკვეთზე სოფელ ტვიშის ტერიტორიაზე მოსახლეობამ გზის ასფალტირების მოთხოვნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ტვიშის მოსახლეობას მეზობელი სოფლებიდან – გაგულეჩი, ორბელი, ლაჯანა, წილამიერიდანაც შეუერთდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ აღნიშნული გზის მონაკვეთით დაახლოებით 42 სოფელი სარგებლობს და გარდა იმისა, რომ გადაადგილებაში დროს კარგავენ, ასევე მათი სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად ზიანდება.
„მიუხედავად იმისა, რომ გზაზე ერთერთი სამშენებლო კომპანია უკვე მუშაობს და გზა კეთდება, ასეთი სახით გზის საფარის დაგება არის წყალში გადაყრილი თანხა. მათ მიერ მოხრეშილი გზა, თუ მასზე ასფალტი არ გადაეგო, ერთ თვეში უვარგისი გახდება, ორმოები გაჩნდება, ამ სახით შეკეთებული გზა სრულიად არ შეესაბამება სტანდარტებს“, – ამბობს ვალერიან ასათიანი.
აქციის მონაწილეები განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება გზის მოასფალტებას რეგიონის ბიუჯეთით ვერ მოახერხებს და მასში ცენტრალური ხელისუფლება, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტიც უნდა ჩაერთოს.
აქციის მონაწილე და ცაგერის საკრებულოს წევრი ამირან მახარობლიძე აცხადებს, რომ თვითონაც მშენებელია და კარგად იცის, რომ არსებული სახით გზის დატოვება სახსრების ფუჭად ხარჯვაა და მისი მოასფალტება აუცილებელია.
„თუ ასფალტი არ დაიგება, აქ ერთ თვეში ვეღარავინ გაივლის, ამ გზით 42 სოფელი სარგებლობდა, ახლა კი აქ გავლას ყველა ერიდება. აქციაზე წესრიგის დასაცავად მოსულმა პოლიციელებმა გვითხრეს, რომ გზის გადაკეტვით ჩვენ კანონი დავარღვიეთ,ეს მართლაც ასეა, მაგრამ ჩვენ კანონი დავარღვიეთ იმიტომ, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნა იქ, ცენტრალურ ხელისუფლებამდე ვინმემ მიიტანოს. ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლება მარტო ამ პრობლემას ვერ გადაჭრის“, – ამბობს აქციის მონაწილე.
აღნიშნული პრობლემა, ადგილობრივების თქმით, თითქმის 30 წელია დგას.
„90 წლამდე მიტანებული ქალი ვარ და რაც თავი მახსოვს, ამ საკითხს ვაყენებთ, ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვითხოვთ გზის 27 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებას და მგონია, რომ უკანონოს და უსამართლოს არაფერს ვაკეთებთ“, – ამბობს ტვიშელი ცისანა მიქაუტეძე.
აქციის მონაწილეებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა შეხვდა და მოსახლეობის მოთხოვნები კიდევ ერთხელ მოისმინა.
„დაყენებული მოთხოვნა ლეგიტიმურია . გზის ამ მონაკვეთის კეთილმოწყობა წლებია მოსახლეობას აწუხებს. ეს პირველი აქცია არაა, რომელიც ამ მოთხოვნით გაიმართა. 2 კვირის წინაც ამ პრობლემით შეწუხებული ხალხი შეიკრიბა და ჩვენ მაშინაც შევხვდით მოსახლეობას, თუმცა, ფაქტია, ასეთი პრობლემები ერთი ხელის მოსმით არ გვარდება. ჩვენ პირველი მიტინგის შემდეგ მოლაპარაკებები ცენტრალურ ხელისულებასთან და გზების დეპარტამენტთანაც ვაწარმოეთ, პროექტი დროში გაიწელა, ამიტომ ჯერჯერობით, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხის მოსაგვარებლად“, – თქვა გიორგი გუგავამ.
ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ გზა გახსნა და მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.