აფხაზეთის ომში დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია
1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი ამოცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს, მათი ცნობით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი განცხადებით, 13 ადამიანის ნეშტი 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში ჩატარებული გათხრების დროს იქნა მოძიებული.
“წითელი ჯვრის” მონაცემებით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2352 ადამიანი, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაკარგულად ითვლება. 2013 წლის შემდგომ სულ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, აქედან 191 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.