“ლენჯერში როგორც კი სიმპტომები აღმოაჩნდათ, მივიდნენ ექიმთან და ამის შემდეგ მივიღეთ სწრაფი და გადამრჩენელი ზომები”

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, ეს არის ვირუსი, რომელიც შესაძლოა, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ვრცელდებოდეს და ამიტომ არის ტესტირება აუცილებელი.

“შეიძლება ადამიანი გადამდები იყოს და ამის შესახებ არ იცოდეს. ამისი ნათელი მაგალითია ლენჯერი, სადაც 1, ან მეტი ადამიანი იყო ინფიცირებული, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი სიმპტომი და სავარაუდოდ, ისინი იყვნენ გამავრცელებლები და როგორც კი სიმპტომები აღმოაჩნდათ, მივიდნენ ექიმთან და ამის შემდეგ მივიღეთ სწრაფი და გადამრჩენელი ზომები, მაგრამ ისინი რომ არ მისულიყვნენ, ყურადღებით არ მოკიდებოდნენ სიმპტომებს, შესაძლოა, დღეს საუბარი გვქონოდა არა 30 -ზე არამედ, გაცილებით მეტ დაავადებულზე, არამარტო ლენჯერში, არამედ უფრო ფართო არეალზე” – განაცხადა სოზარ სუბარმა “მაესტროს” ეთერში.

მისი თქმით, მოსახლეობის 100 პროცენტი არ მიდის ტესტირების ჩასატარებლად, რადგან ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამის აუცილებლობა არ დგას.

“როგორც ყველგან, გამონაკლისი სვანეთიც არ არის. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ – “მე რატომ უნდა მივიდე, როცა სიმპტომები არ მაქვს.” ზოგი ამბობს, რომ არ სჯერა ვირუსის არსებობის. მათი რაოდენობა არის მცირე და მთლიანობაში, ძალიან აქტიურად მოდიან ადამიანები, რომ ჩაიტარონ ტესტები და რიგები დგას, ზოგჯერ”,- განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები