ზვიად შალამბერიძე უკრაინის ელჩს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს – იგორ დოლგოვს შეხვდა, რომელიც ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, საუბარი შეეხო როგორც კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს.
“გავუზიარეთ ელჩს კოვიდ-19-თან ბრძოლის წარმატებული პრაქტიკა რეგიონში, თუ როგორ იყო ჩართული თითოეული ადგილობრივი სტრუქტურა, როგორ ვებრძოდით ერთობლივად მთელი ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსს. ელჩი ასევე დაინტერესდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით და ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა პერსპექტივა იქნება უკრაინასთან, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამის მიმართულებით”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, იგორ დოლგოვი ასევე დაინტერესდა ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც იმერეთში ხორციელდება და მათ შორის გზების მშენებლობის ტექნოლოგიებით, დასაქმებულთა რაოდენობით და კრიტერიუმებით.
თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ მოხარულია, კარანტინის შემდეგ თბილისიდან პირველი გასვლა სწორედ ქუთაისში რომ შედგა.
“ჩვენ, ყველას გვაქვს რთული პერიოდი და განსაცდელი, რაც ახალ ინფექციას უკავშირდება, რომელმაც შეცვალა მთელი მსოფლიო, მათ შორის, საქართველოს ცხოვრებაც. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი მოგზაურობა თბილისის გარეთ, კარანტინის შემდეგ, სწორედ აქ, ქუთაისში მოხდა. დიდი რეგიონი, დიდი ქალაქი ტრადიციებით და დიდი კავშირებითი ჩემს უკრაინასა და უკრაინელებლთან.
მადლობელი ვარ გუბერნატორის, რომ ამ საუბრის განმავლობაში განვიხილეთ არა მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი და არა მხოლოდ ის, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ბიზნესი ამ რთულ დროს და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას, არამედ განვითარების პერსპექტივებიც: რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რა მიმართულებით და სად არის ეს მიმრთულებები, რომელიც ხალხების გაერთიანებას გააგრძელებს.
მოხარული ვარ იმის გაგებით, რომ სექტემბერში ქუთაისში გაიმართება ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისკენ და ახალი განათლებისკენ და აქაც ბევრია ის, რაც ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ”, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
საქართველოში უკრაინის ელჩი იმერეთში დღეს და ხვალ დარჩება და როგორც აღნიშნავს, შეეცდება უფრო მეტი გაიგოს როგორც რეგიონში მიმდინარე საქმიანობის, ასევე ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა და სად არის შესაძლებელი მეტის გაკეთება.
ინფორმაციას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.