ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით შეივსო
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით შეივსო. პანდემიის პერიოდში გადასახადებისა და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლების შემცირება აისახა ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობებზე.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განხორციელდა. შესაბამისად, შენარჩუნდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი.
,,ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დამატებით 7 მილიონი ლარის ღირებულების ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რაც 10 მილიონ 300 ათასი ლარის ფარგლებში გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის საშუალებით მოხდება. მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის აჭარის ა.რ. მთავრობასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. საკრებულოს სხდომაზე, პოლიტიკურ ნაწილში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კი განვმარტავ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს ყველა გამოწვევას. ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის განვითარებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების სწრაფი ტემპებით განხორციელებას“ -განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.
ბიუჯეტის ცვლილების ხარჯზე განხორციელდება შემდეგი პროექტები: ინასარიძის, ბაქოსა და ლერმონტოვის ქუჩებზე სკვერების მოწყობა, თამარ მეფის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია გონიო-კვარიათში ზღვისპირა ბილიკის მონაკვეთის რეაბილიტაცია ცენტრალური პარკის გარე განათების მოწყობა გზის პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ქუჩების, მონაკვეთების, შესახვევებისა და ჩიხების, გზაგამყოფი ღობეების, ხიდების, ხიდბოგირებისა და ფერდსამაგრი კედლების რეაბილიტაცია და მოწყობა ადმინისტრაციულ ერთეულებში სანიაღვრე არხების მოწყობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ლერმონტოვის ქ. #96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.