ზემო იმერეთი-რაჭის გზაზე შქმერი-ზუდალის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7-კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და, ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში. არსებული გზა გრუნტოვანია და სრულად რეაბილიტირდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია – NEW ROAD-ი ახორციელებს.
“თავად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა 51 კმ-მდეა. გზა  საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებს: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და, საბოლოოდ, შეუერთდება ქალაქ ამბროლაურიდან 20 კმ-ით, ხოლო ქალაქი ონიდან 5 კმ-ით დაშორებულ, ამბროლაური-ონის გზას. პროექტი დაყოფილია 7 მონაკვეთად.
გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა, რომელიც გრუნტოვანი იყო, სრულად რეაბილიტირდება მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა 5 მონაკვეთზე ერთდროულად ინტენსიურად მიმდინარეობს. ზემო იმერეთი-რაჭის გზის 3.5-კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დარსულებულია. დარჩენილ მე-7 მონაკვეთზე სამუშაოების დაწყება და დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის (სიგრძე 111 კმ)  სამგზავრო დრო დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება”, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები