ლენჯერის თემი ჩაიკეტა – უახლესი მონაცემები მესტიის მუნიციპალიტეტიდან
მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის თემი ჩაიკეტა. ადგილზე საკარანტინო შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, უწყებათაშორისმა კომისიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მესტიაში პირველ დღეს აღებული 300 სწრაფი ტესტიდან 12 ანალიზის პასუხი “კოვიდ19”- ზე დადებითი აღმოჩნდა, ინფიცირებულები კი ლენჯერის თემიდან არიან.
საერთო ჯამში, მესტიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე, კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ადგილზე იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მესტიაში სულ 20-მდე ეპიდემიოლოგების ბრიგადა მუშაობს.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დღევანდელი ტესტირება პრაქტიკულად დამთავრდა ყველა სოფელში. მაგალითად, ჭუბერში დაახლოებით, 250 ადამიანი გაიტესტა, სოფელ ფარში 100-მდე პირი, სხვადასხა სოფელში მიმდინარეობდა ტესტირება, ეს ყველაფერი დაჯამდება და გვეცოდინება შედეგი. ჯანდაცვასა და დაავადებათაა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე აქვს პირველი 600 ტესტირებული ადამიანის შედეგი, მაგრამ თვითონ გაასაჯაროვებენ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება მარაგებს, მესტიაში როგორც სურსათის ასევე მედიკამენტებზე დეფიციტი არ ფიქსირდება.