ზაზა ლომინაძე: ქუთაისი უკვე არის მსოფლიო ტურისტული რუკების ერთ-ერთი საუკეთესო მარშუტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს – ტურისტულ კომპანიებს, სააგენტოებს, სასტუმროების მფლობელებსა და ამ სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა.
საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკა ასტრონომიულ ციფრებს აღწევს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესია ქვეყანაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.
სწორედ ამ მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა დეპუტატობის კანდიდატი ტურიზმის წარმომადგენლებს.
„ქუთაისი უკვე არის მსოფლიო ტურისტული რუკების ერთ-ერთ საუკეთესო მარშრუტად აღიარებული, აუცილებლად მოსანახულებელი ქალაქი. ტურისტების სიმრავლე ჩვენი ქალაქის ქუჩებში ადვილად შესამჩნევი იყო. პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, ტურიზმი ბევრი სირთულის და პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
დროებით შეჩერებულია უცხოელი ტურისტების დიდი ნაკადების ქვეყანაში შემოსვლა, თუმცა , ხელისუფლების განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს ამ ეტაპზე ადგილობრივ ტურიზმს. ეს რთული დღეები აუცილებლად გაივლის და ტურიზმის სფერო არათუ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ კიდევ უფრო მეტად განვითარდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ტურისტული ლოკაციები და სანახაობები.
ჩვენ ხშირად უნდა შევახსენოთ მსოფლიოს, რომ ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მოგზაურობის- არგონავტთა მოგზაურობის მასპინძელი სწორედ ჩვენი ქალაქი -აია- ქუთაისი იყო.
ჩვენს გუნდს თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს, რათა ერთად შევძლოთ ქუთაისის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენება!“- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.