ზვიად შალამბერიძე: ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზადაა.
“მინდა მივულოცო ყველა ახალბედა სტუდენტს წარმატება და განსაკუთრებით მათ, ვინც არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერა, მათთვის ნამდვილად ახალი ერა იწყება და ახალი ერა იწყება ქუთაისისთვის საგანმანათლებლო სფეროში. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია არამარტო ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს იმერეთსა და საქართველოში საგანმანათლებლო ჰაბი.
მზადყოფნა არის 1000 სტუდენტზე, ამ დღეებში გაირკვევა ზუსტად რამდენი სტუდენტი ისწავლის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ აქ ყველანაირი პირობა ექნებათ სწავლისა და ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებული კადრები”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებთან – მიხეილ ჩხენკელსა და ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაათვალიერა.