მიტროპოლიტი გრიგოლი: ადამიანების დაზიანების საფრთხე რეალურია

ბზარი სავალ ნაწილზე იზრდება, თუ ჩავარდა ეს რკინიგზას დააზიანებს და საფრთხე არსებობს, რომ ადამიანებიც დაზიანდნენ. ის თუ წელს არ მოხდა, ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, – ასე უპასუხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ხობის ეპარქიაში შემავალი პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსის ეზოში მდებარე ტაძრის გალავნისა და სამრეკლოს ჩამოშლის საფრთხესთან დაკავშირებით „რეგიონული კვირის“ მიერ დასმულ შეკითხვას.
მიტროპოლიტის თქმით, ღვთისამხურება ტაძარში ვერ შეწყდება, რადგან ჩამოშლის საფრთხე უშუალოდ სამრეკლოსა და გალავანს ემუქრება. მისივე განმარტებით, მიზეზი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება.
“წლების განმავლობაში არის მცდელობა, ტაძრის წინამძღვარი ცდილობს, რომ ეს ხიფათი მოიხსნას. როგორც ჩანს, თავის დროზე, მშენებელმა, ან სამშენებლო პროცესის პერიოდში რაღაც დააკლდა და ჩანს შეცდომა იქნა დაშვებული. აშკარაა, რომ მცოცავი ადგილია და ეს ბზარი სავალ ნაწილზე იზრდება, თუ ჩავარდა ეს რკინიგზას დააზიანებს და საფრთხე არსებობს, რომ ადამიანებიც დაზიანდნენ, შეიძლება ან კიბეზე იყვნენ, ან ეზოში იყვნენ მაგ დროს. გადაიყოლებს სამრეკლოს, ეზოს ნაწილს და, რა თქმა უნდა ამას ყურადღება სჭირდება. თვითონ ტაძარს საფრთხე არ ექმურება, მაგრამ საფრთხე ემუქრება გალავანს და სამრეკლოს. ამას სჭირდება დროული მიხედვა. ის თუ წელს არ მოხდა ჯერ, ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. როცა იქნება ეს აუცილებლად მოხდება და მერე პასუხისმგებლობა ვისზე იქნება, იქნება ამის ძებნა”,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის სამონასტრო კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ გალავანი იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობ სურმავა არ გამორიცხავს, რომ მრევლის უსაფრთხოებისთვის, უკიდურესი ზომის მიღება – ტაძრის დახურვა – გახდეს აუცილებელი. თუმცა სამონასტრო კომპლექსში, საღვთო წირვა-ლოცვა დღემდე მაინც აღევლინება.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩატარებული ვიზუალურ -საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, სპეციალისტებმა პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა გაკეთებულიყო ზედაპირული და გრუნტის წყლების დრენაჟი, მომხდარიყო ფერდობის გატყიანება.
სპეციალისტების ვარაუდით, ყოველივე ეს საძირკველისა და გალავნის კედლების გამაგრებას შეუწყობდა ხელს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები