ბათუმში ავარიისას დაშავებული 7 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე რჩება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის მოზარდი ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ,,რეგიონულ კვირას“ ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, რომ მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში ტრავმული შოკით შეიყვანეს. იგი მესამე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თბილისში გადაყვანას პაციენტი არ ექვემდებარება.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ რომ მოზარდი 9 აგვისტოს გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა, მასთან ერთად კლინიკაში ამავე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ორი დაშავებული მოზარდიც მიიყვანეს, ისინი ამ დროისთვის ბინაზე არიან გაწერილები.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გვიან ღამით, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. გავრცელებული ინფორმაციით ოჯახი ბაბუას აცილებდა, რა დროსაც მათ დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გარდაცვლილია ქალი, არასრულწლოვანი და დედა. დაკავებულია მძღოლი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები