გიორგი გამსახურდია: ცოტნე გერმანიაშია და მისი მდგომარეობა გაცილებით იმედის მომცემია
“თუ არ დავუჯერებთ, ზოგიერთი ადამიანების გამოხტომას და დეზინფორმაციას ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ცოტნეს მდგომარეობა გაცილებით იმედის მომცემია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გიორგი გამსახურდიამ განუცხადა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის გიორგი გამსახურდიას განცხადებით, მისი ძმის სრულ გამოჯანმრთელებამდე რამოდენიმე თვე დარჩა.
“ცონტე არის გერმანიაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით დადებითია და იმედის მომცემია. თუ არ დავუჯერებთ ზოგიერთი ადამიანების გამოხტომას და დეზინფორმციებს ყველაფერი მიდის იმ გეგმის მიხედვით, რომელიც არის მკურნალი ექიმების მიერ გაწერილი. მის სრულ გამოჯანმრთელებამდე რამოდენიმე თვე დარჩა, რომ საწყის მდგომარეობამდე მიიყვანონ პაციენტი”, – განაცხადა გამსახურდიამ.
ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 19 დეკემბერს დაჭრეს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
ცოტნე გამსახურდიას საქმე 11 ტომისგან შედგება, სადაც ჯერჯერობით არ არის ყველაზე ღირებული მოწმის, თავად ცოტნეს, ჩვენება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით დაკითხვის შესაძლებლობას არ იძლევა.