საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.
სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენს.