„არემჯის საზაფხულო სკოლა“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აგვისტო-სექტემბერში „არემჯის საზაფხულო სკოლა“ უმასპინძლებს.
აღნიშნული პროექტი სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტისათვის ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს და ის წელს მესამედ ხორციელდება.
ყოველ წელს იზრდება პროექტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. წინასწარ შევსებული აპლიკაციების საფუძველზე, წელს შეირჩა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 30 სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ 17 მათგანი ადგილობრივია.
პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნისა და „არემჯის საზაფხულო სკოლაში“ გავლილი საწარმოო პრაქტიკის შემდეგ, სამთო მრეწველობისთვის მიმზიდველ კადრებად ჩამოყალიბდებიან.

„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს „საზაფხულო სკოლის“ ფორმატში უკვე მე-3 წელია, რაც ვთავაზობთ თანამშრომლობას. მოხარული ვარ, რომ პროექტში ჩართული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თავიანთი სპეციალობების მიხედვით, სტუდენტები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდებიან. მათ შორის მადნეულის და საყდრისის კარიერებზე, სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში, გროვული გამოტუტვის უბანზე, გეოლოგიურ და გეოტექნიკურ სამსახურებში, ასევე რევერსული ბურღვის უბანზე. ეს ის სპეციალობებია, რომლებსაც სტუდენტები ტექნიკურ უნივერსიტეტში ეუფლებიან და რომლებიც ჩვენ კომპანიაში პრიორიტეტულია. „არემჯის საზაფხულო სკოლის“ პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ, ახალგაზრდებმა ზუსტად იციან ჩვენი საწარმოს სპეციფიკა და აქვთ ის პრაქტიკული უნარები, რომელიც მათ უმაღლესის სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ჩვენი კომპანიისა და ზოგადად სამთო მრეწველობის დარგისათვის მიმზიდველ კადრებად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს”,- განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირერქტორის მოადგილემ ადამიანური რესურსების საკითხებში, გიორგი ჩხაიძემ.

პროექტის მონაწილე სტუდენტების შეფასებით, პრაქტიკული სწავლება მათ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი თქმით, სამომავლოდ, აღნიშნული სამუშაოები პროფესიულ განვითარებაში წაადგებათ.
„არემჯის საზაფხულო სკოლის შესახებ ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე. დიდი სურვილი მქონდა მოვმხვდარიყავი საზაფხულო პრაქტიკებზე, ამიტომ გამოვაგზავნე ჩემი პირადი მონაცემები. ვფიქრობ, ჩვენი პროფესიისათვის პრაქტუკული სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, აქ გატარებული დრო ძალიან წამადგება ჩემს პროფესიულ განვითარებაში“,- ამბობს სამთო გეოლოგიური მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი, ნათია მექუდიშვილი

სამთო გეოლოგიური მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტი, ირაკლი ჯაყელი ამბობს, რომ აღნიშნული სკოლა მის თეორიულ ცოდნას უფრო გასაგებს გახდის.
„პროფესიის არჩევის დროს ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ ადგილობრივი ვარ. გასულ წელს საზაფხულო სკოლაში ჩემი მეგობრები იყვნენ, რომლებმაც მირჩიეს პროექტში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ სკოლა გაამართლებს ჩემს მოლოდინებს და გეოლოგიის საწყისებს, რაც პირველ კურსზე თეორიულად გავიარე უფრო გასაგებს და ხელშესახებს გახდის ჩემთვის“,- თქვა გიორგი ჯაყელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები