სოზარ სუბარი: მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა, “ცხელების ცენტრში” რომ მისულიყო

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად გაიკეთონ ტესტი. მისივე თქმით, მესტიაში განვითარებული მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, პირველ ადამიანი, ვისაც სიმპტომები აღმოუჩნდა, “ცხელების ცენტრში” რომ მისულიყო.

„დღეს სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი გარკვეულ განცხადებებს, მე ვინც მომაკითხავს, არც არავინ გაბედოსო. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც იყვნენ. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დამთავრდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. რამდენად ჩქარა დასრულდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად “ცხელების ცენტრში” რომ მისულიყო. ზუსტად არ ვიცით, დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს, მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის, ფაქტია და სავარაუდოდ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიკეთოთ ტესტირება, ამაში სახიფათო არაფერი არ არის “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები