ლაგოდეხში, სოფელ კაბალში ახალი საჯარო სკოლა შენდება – სამუშაოებს „ქართული ოცნების” ლიდერები ადგილზე გაეცნენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს, – სამშენებლო სამუშაოებს მთავრობის მეთაური დღეს “ქართული ოცნების” გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, „ქართული ოცნების” პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილსა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 30 წელზე მეტია, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება არ აშენებულა. წელს კი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 2 საჯარო სკოლა შენდება – სოფელ კაბალში – 300, ხოლო სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლები.

ამასთან, სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლასაც. სამივე სკოლა კეთილმოეწყობა სპორტული მოედნებით და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის სველი წერტილების მოწესრიგება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. დანარჩენ სკოლებში ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ ჩატარდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

გასულ წელს მუნიციპალიტეტში, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის №1, აფენის №1, ვარდისუბნისა და განჯალის სკოლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2019 წლიდან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა და ხელი შეუწყო ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერებას. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები