კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ მიჰყვება იმ გზას, რომელი გზაც დაუსახა ქართველ ერს ილიამ
„ქართული ოცნება“ მიჰყვება იმ გზას, რომელიც ქართველ ერს ილიამ დაუსახა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ყვარელში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.
„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ვიმყოფებით, ადამიანის, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა განათლების, პროგრესისა და ამავდროულად ეროვნული ღირებულებების ფასი.
„ქართული ოცნება“ მიჰყვება იმ გზას, რომელი გზაც დაუსახა ქართველ ერს ილიამ – საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, თანამედროვე, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და ეს ყველაფერი ქართული იდენტობის, კულტურის და ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების კვალდაკვალ კეთება.
ამ მიზნის საბოლოოდ მისაღწევად, ჩვენ იარაღის ჟღარუნის, პროვოკაციების, ერთმანეთის მტრობისა და შუღლის, დესტრუქციისა და რევანშის ნაცვლად, გვჭირდება განათლება, პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, სოლიდარობა და სამშობლოს ყოველდღიური სამსახური. სწორედ სამშობლოს ყოველდღიური სამსახურია ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და სწორედ ამისთვის ირჩევთ თქვენს წარმომადგენელს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა კალაძემ.