“როცა ჩვენი გმირები, მტერთან იბრძოდნენ თავგანწირვით და სიცოცხლეს- ყველაზე ძვირფასს სწირავდნენ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვესახება, როგორც ყველაზე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალის ლიდერად, ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ეს იყო ჩვენი შეურაცხყოფა, ჩვენი ჯარის, რომლებმაც დღემდე მოიტანა ჩვენი სამშობლო”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის ნაკრძალში, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.
“ჩვენ ვიმყოფებით 2008 წლის აგვისტოს კვირეულში, როგორც ბატონმა პრემიერმა გაიხსენა, დღეს დილით ვიმყოფებოდი შინდისში, სადაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა სამაგალითო თავგანწირვა და თავდადება აჩვენეს, თანაც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენს მტერთან, ოკუპანტთან გმირულად გაწირეს თავი. 17 ვაჟკაცი, რომლის სახელიც მე მინდა იცოდეს და შევახსენო ჩვენს ძვირფას მოსახლეობას. ესენი არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას შინდისის გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„12 წლის წინ, ძვირფასო მეგობრებო, ამ გმირებმა, მართლაც სამაგალითო გმირობა, თავგანწირვა გვაჩვენეს ჩვენ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ერის სირცხვილი ვიხილეთ, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამარცხვინო ქმედება. სწორედ ამ დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, იმ დროს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა ქალაქ გორში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და იმ დროს, როცა ჩვენი გმირები, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ, მტერთან იბრძოდნენ თავგანწირვით და სიცოცხლეს- ყველაზე ძვირფასს, სწირავდნენ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვესახება, როგორც ყველაზე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალის ლიდერად, ჩვენ ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ეს იყო ჩვენი შეურაცხყოფა, ჩვენი ჯარის, რომლებმაც დღემდე მოიტანა ჩვენი სამშობლო. ჩვენ დღეს მოვედით დღევანდელობამდე ჩვენი რწმენით და ჩვენი ბრძოლით. ჩვენ რაც ვიხილეთ აბსოლუტურად არის ამის საწინააღმდეგო”,- განაცხადა ირაკლი ღარიბშვილმა.
შინდისის ბრძოლაში, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.